მილანის "ინტერის” პორტუგალიელ დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს კიდევ ერთხელ მოუწია კომენტარის გაკეთება მის მიერ მადრიდის "რეალის” გაწვრთნასთან დაკავშირებით. 47 წლის პორტუგალიელის განცხადებით, იგი "რეალს” აუცილებლად ჩაიბარებს, მაგრამ ჯერ არა. 
"ტყუის ის, ვინც ამბობს, რომ ცალი ფეხით "რეალში” ვარ, მაგრამ ადრე თუ გვიან, მადრიდულ კლუბს აუცილებლად გავწვრთნი. ვმუშაობდი ინგლისის საუკეთესო კლუბში, ამჟამად ვწვრთნი იტალიის საუკეთესო გუნდს და მომავალში ვიქნები ესპანეთის საუკეთესო კლუბის მწვრთნელიც, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს იტალიური Corriere dello Sport-ი. საიდუმლო არავისთვისაა, რომ მადრიდული კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სურს, "რეალი” სწორედ მოურინიომ ჩაიბაროს. მომდევნო სეზონში, მადრიდში გადაბარგების შესახებ პორტუგალიელმა ერთ-ერთი პირველი მინიშნება "ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგიდან გამოგდების შემდეგ გააკეთა. მოურინიოს თქმით, იგი "ბარსელონას” წინააღმდეგ მომდევნო სეზონშიც აუცილებლად ითამაშებდა. მაგრამ ბოლო განცხადების თანახმად, მის მიერ "რეალის” გაწვრთნა უახლოეს მომავალში არ მოხდება. ერთი რამ უკვე ცნობილია – მოურინიოს "სანტიაგო ბერნაბეუზე” თავისი გუნდის გაყვანა, მიმდინარე საკლუბო სეზონის ბოლოს მოუწევს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, იგი თავისი უმაღლესი კლასის დამტკიცებას, ახლა უკვე უშუალოდ ფლორენტინო პერესის და მადრიდელი გულშემატკივრების თვალწინ შეეცდება.
ავტორი: გიგა თედორაძე
|