"ინტერმა” კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის, რომელსაც გუშინ 65 წელი შეუსრულდა, იუბილე ზედიზედ მეხუთე "სკუდეტოს” მოგებით მიულოცა. არადა, "ნერაძურის” ფეხბურთელებმა თავიანთი შეფი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე 1995 წელს მივიდა და მას შემდეგ კლუბს დაახლოებით მილიარდი დოლარი დაახარჯა, "სიენასთან” შეხვედრაში გვარიანად ანერვიულეს. 
ბოლო ტურში გასაჩემპიონებლად გამზადებულ "ინტერს” არცთუ რთული ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი - სერია B-ში დაქვეითებული "სიენა” ნებისმიერი ანგარიშით უნდა დაემარცხებინა და ჩემპიონის მე-18 ტიტული მისი იყო. შეხვედრაში პირველი საგოლე მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ აბდელკადერ გეზალმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა. შემდეგ კი, მოქმედების ეპიცენტრმა "სიენას” კართან გადაინაცვლა. დიეგო მილიტო, მარიო ბალოტელი, სამუელ ეტოო და ვესლი სნეიდერი განუწყვეტლივ უქმნიდნენ პრობლემებს მეტოქის დაცვას, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სტუმრებს სიზუსტე აშკარად აკლდათ. უგოლოდ ჩავლილი პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმიც მილანელთა შეტევებით დაიწყო და როგორც იქნა, 57-ე წუთზე მასიმო მორატიმ და "ინტერის” გულშემატკივრებმა "სკუდეტოსთან” მიახლოვება იგრძნეს. გოლი არგენტინული კომბინაციის შედეგად გავიდა - ხავიერ ძანეტი იოლად გასცდა ორ მეტოქეს და ბურთი თამაშგარის ზღვარზე მდგომ დიეგო მილიტოს გადააწოდა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა კი, სწრაფი მანევრის ხარჯზე, საჯარიმოში უპრობლემოდ შეაღწია და ჯანლუკა კურჩის შორეულ კუთხეში გაუტანა. შეხვედრის დარჩენილ დროშიც ინიციატივა "ნერაძურის” მხარეს იყო, თუმცა მილანელთა ყურადღება უფრო ანგარიშის შენარჩუნებასა და დროის გასვლისკენ იყო მიპყრობილი. ემიდიო მორგანტის საფინალო სასტვენის ხმამ კი, "ინტერის” მე-18 გაჩემპიონება ოფიციალურად გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ახლა "ნერაძურის” თა¬ნაქალაქელ "მილანზე” ერთი "სკუდეტოთი” მეტი აქვს.
"პირველად მოხდა, რომ ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურში მოვიპოვე. ეს უდიდესი სტრესია. ძალიან დაძაბული ვიყავი. ბოლო წუთებზე "სიენას” გატანა რომ მოეხერხებინა, მთელი სეზონის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს წყალში ჩაგვიყრიდა. საბედნიეროდ, ბოლომდე გავძელით”, - აღნიშნა მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ. ავტორი: გიგა თედორაძე
|