მილანის "ინტერის” მენეჯერი ლუიშ ფიგუ პორტუგალიის მედიის მსახურებთან საუბარში არ მალავს, რომ იგი მოხარულია ჟოზე მოურინიოსთან მუშაობით. "ნერაძურის” 37 წლის ფუნქციონერი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის დონ ჟოზეს ხელმძღვანელობით თამაშობდა "ინტერში”, მისი უფროსი მეგობრის მადრიდის "რეალში” გადასვლის შესაძლო ჭორებზე კომენტარს თავს არიდებს. 
"მოურინიო გამარჯვებული მწვრთნელია. მის სიდიადეზე თავად ჟოზეს მიღწევები მეტყველებენ. რაც შეეხება ხმებს, თითქოს ის "რეალში” წავა და იქ იმუშავებს, მოდით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას - მირჩევნია ვისაუბრო იმაზე რაც უკვე მოხდა და არა იმაზე, რაც როდესმე შეიძლება მოხდეს. კაცმა ჭორები ყოველთვის მშვიდად უნდა აღიქვა - ეს ფეხბურთის ნაწილია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ "ინტერში” ასეთი მწვრთნელი მუშაობს. სამომავლო გადაწყვეტილებას ჟოზე და "ინტერის” ხელმძღვანელობა ერთდროულად მიიღებენ”.
ცნობისათვის, ამ ორი პორტუგალიელის საკარიერო გზებმა ერთმანეთი ორჯერ გადაკვეთეს. პირველად ეს ესპანურ "ბარსელონაში” (1996-2000) მოხდა, სადაც მოურინიო მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო ფიგუ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელისას. ფიგუ ჟოზეს "ინტერშიც”, სადაც "ჩელსიდან” წამოსულს მასიმო მორატიმ გუნდის მართვის სადავეები ჩააბარა (2008), მოთამაშის რანგში დახვდა.
ლუიშ ფიგუს Mარცა ახლახანს ესპანეთის პრიმერადივიზიონის გამარჯვებულზეც დაეკითხა. რაზეც პორტუგალიელმა ფილოსოფიური პასუხით დაიწყო და სავსებით კონკრეტული დაბოლოება გააკეთა: "ვფიქრობ, ფეხბურთის სილამაზე, მის ამოუცნობელობაშია. ვიდრე საბაბი არსებობს, კაცს იმედიც უნდა გქონდეს, თუმცა "ბარსელონას” უპირატესობა გააჩნია. არადა, ბოლო ტურში თავისუფლად შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს”. ავტორი: გიგა თედორაძე
|