მადრიდის "რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დღეს პრესკონფერენცია მოიწვია და ოფიციალურად დაადასტურა, რომ "სამეფო კლუბი” ემშვიდობება ჩილელ სპეციალისტს, მანუელ პელეგრინის, ხოლო მის ნაცვლად მადრიდელებს, როგორც მოსალონელი იყო, ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს. 
"პელეგრინიმ "რეალში” მუშაობა დაასრულა. დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდის მომდევნო მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება. ახლა დარჩა "ინტერსა” და მოურინიოს შორის არსებული კონტრაქტის გაწყვეტა და როდესაც ეს მოხდება, პორტუგალიელი მწვრთნელი ჩვენთან დაიწყებს მუშაობას” – ავრცელებს პერესის სიტყვებს "რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი. როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, მოურინიო მადრიდელებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და საერთო ჯამში 40 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით. თავად პორტუგალიელმა მცირე კომენტარი გააკეთა: "თვენახევრით შვებულებაში მინდა გავიდე . შემდეგ კი ესპანეთში ვიმუშავებ”.
მადრიდული Marca-ს ცნობით, მოურინიო "რეალს” ოფიციალურად უახლოეს დღეებში ჩაიბარებს და გახდება ბოლო 7 წლის მანძილზე მე-10 მწვრთნელი, რომელიც "სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. 2003 წლიდან მოყოლებული დღემდე, "რეალის” მწვრთნელი მაქსიმუმ ერთი სეზონით ყოფილან მოურინიოს თანამემამულე კარლოს კეირუში, ესპანელები ხოსე ანტონიო კამაჩო, მარიანო გარსია რემონი, ხუან რამონ ლოპეს კარო და ხუანდე რამოსი, ასევე ბრაზილიელი ვანდერლეი ლუშემბურგო, იტალიელი ფაბიო კაპელო, გერმანელი ბერნდ შუსტერი და ჩილელი მანუელ პელეგრინი. ყველა ამ მწვრთნელმა ერთად გუნდს ესპანეთის 2 თასი და ამდენივე ქვეყნის სუპერთასი მოაგებინეს. მადრიდში იმედი აქვთ, რომ მოურინიო კლუბში უფრო დიდხანს და რაც მთავარია, წამატებით იმუშავებს.
ავტორი: გიგა თედორაძე
|