ფაბრეგასისთვის ბრძოლაში "ინტერიც" ჩაერთო იტალიის "ინტერის" ხელმძღვანელები "არსენალის" კაპიტნის, 23 წლის სესკ ფაბრეგასის ხელში ჩაგდებას ეცდებიან. როგორც Corriere dello Sport-ი ავრცელებს, მასიმო მორატის თქმით, მილანელთათვის აღნიშნულ ტრანსფერს ორმაგი მნიშვნელობა აქვს - გარდა იმისა, რომ "ნერაძური" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველით გაძლიერდება, ეს გარიგება ჟოზე მოურინიოს გუნდში დარჩენასაც შეუწყობს ხელს. 
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში პორტუგალიელ სპეციალისტს სულ უფრო ხშირად ახსენებენ მადრიდის "რეალში" მანუელ პელეგრინის პოტენციურ შემცვლელად. მორატის მოურინიოს წასვლის საფრთხეს ისიც უძლიერებს, რომ "როსონერის" მხრიდან შეთავაზებული ახალი, სამწლიანი კონტრაქტის მიუხედავად, პორტუგალიელი პასუხის მიცემას, ჯერჯერობით, არ ჩქარობს. რაც შეეხება ფაბრეგასის "ინტერში" შესაძლო გადასვლას, არ არის გამორიცხული, რომ იტალიური გრანდის შეფებმა ტრანსფერში მარიო ბალოტელიც ჩართონ. განური წარმოშობის ნიჭიერ ფორვარდს იტალიური პუბლიკა აშკარად არ სწყალობს, "არსენალის" დამრიგებელი არსენ ვენგერი კი, 19 წლის თავდამსხმელის დიდი თაყვანისმცემელია.
სათქმელია, რომ ფაბრეგასს, რომლის შეძენის სურვილი "რეალსა" და "ბარსელონასაც" გააჩნია, პროფესიულ დონეზე მხოლოდ ლონდონური გრანდის შემადგენლობაში უთამაშია. "მეთოფეთა" რიგებში ჩატარებულ 267 მატჩში ფაბრეგასმა 46 გოლი გაიტანა, თანაგუნდელებს კი, ასისტენტობა 81-ჯერ გაუწია.
ავტორი: გიგა თედორაძე
|