მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ "ინტერს” მორიგი ტიტული მოაგებინა, მილანური კლუბის პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ პორტუგალიელი სპეციალისტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის სიტყვები კონკრეტიკას მოკლებულია, მაგრამ ისინი კიდევ უფრო ამძაფრებენ ეჭვებს, თითქოს მოურინიო ზაფხულში იტალიას დატოვებს და მადრიდის "რეალს” ჩაიბარებს. 
"ჟოზეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დავსხდებით და ყველა საკითხს განვიხილავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მსურს ახლავე მადლობა გადავუხადო მოურინიოს ყველაფრისთვის, რაც მან "ინტერისთვის” გააკეთა. მესმის, რომ იგი ამ ყველაფრისგან დაიღალა, რადგან მუშაობაში სულს და გულს დებს. იგი არაა ის ადამიანი, რომელიც საკუთარ მომავალს სეზონის განმავლობაში განიხილავს. მოურინიოს ძალზე დიდ პატივს ვცემ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ” – ციტირებს მორატის სიტყვებს Corriere dello Sport.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო "ინტერში” 2008 წელს მივიდა. მას შემდეგ მან გუნდს ორჯერ იტალიის ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი მოაგებინა. პორტუგალიელს კარგი შანსი აქვს, "ინტერს” 1965 წლის შემდეგ პირველად მოაგებინოს ჩემპიონთა ლიგა. ავტორი: გიგა თედორაძე
|