მადრიდული სპორტული გამოცემები თამამ განცხადებებს აკეთებენ – Marca-ს ცნობით, "რეალი” მანუელ პელეგრინის ხვალ დაემშვიდობება, ხოლო AS-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბს”, მომდევნო სეზონში ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს, რომელმაც მადრიდელებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. AS-ის ჟურნალისტის მტკიცებით, პორტუგალიელ მწვრთნელს კონტრაქტზე მხოლოდ ხელის მოწერაღა აკლია, ეს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, მალევე მოხდება. შეგახსენებთ, რომ "ინტერსა” და "ბაიერნს” შორის მატჩი სწორედ "რეალის” სტადიონზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. 
ფინალური შეხვედრის შემდეგ რომ გადაწყვეტს საკუთარ მომავალს, ამას თავად მოურინიოც ადასტურებს. "ფინალის შემდეგ, 3-4 დღე სიმშვიდე დამჭირდება, რათა საკუთარ მომავალზე დავფიქრდე. სიმართლე გითხრათ, "ინტერი” მეტად ბედნიერს ვერ გამხდის. ამჟამად ჩემს განკარგულებაში ფანტასტიური ფეხბურთელები არიან, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს გულშემატკივრებთან და საერთოდ, ძალზე კარგ გუნდში ვმუშაობ, მაგრამ "ინტერს” ჩემთვის მეტის მოცემა არ შეუძლია” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს მადრიდული AS-ი.
Marca თავის მკითხველებს სთავაზობს მასიმო მორატისა და ჟოზე მოურინიოს შორის გამართული დიალოგის მცირე მონაკვეთს – მორატი: "ჟოზე, არ წახვიდე”, მოურინიო: "საქმე ფულში არაა. ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს”. თუ ასეთი დიალოგი მართლაც შედგა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პორტუგალიელმა მადრიდელებთან შეთანხმებას მართლაც მიაღწია ავტორი: გიგა თედორაძე
|