ისევე როგორც განვლილ სეზონში, "ინტერმა" ტურინში ვერც ამჯერად მოახერხა ქულის აღება. იტალიური გრანდების დაპირისპირებას ყველა მოუთმენლად ელოდა. შეხვედრა "ნერაძურის" სწრაფი იერიშით დაიწყო, რომლის დროსაც სტუმართა 3 შემტევი ერთი ტურინელის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ლეონარდოს ფეხბურთელებმა მომენტის გოლად ქცევა ვერ მოახერხეს. შემდეგ კი, ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და თამაშმა "ინტერის" ნახევარზე გადაინაცვლა. 
სტუმართა დაცვაზე ზეწოლა თანდათან ძლიერდებოდა. ჯერ ტონიმ დაარტყა თავით არაზუსტად, შემდეგ აკვილანის მოჭრილი დარტყმა აცდა ოდნავ მიზანს, აქტიურად მოქმედებდა მატრი... "ინტერს" შეტევისთვის აშკარად არ ეცალა, თუმცა, როგორც წინა შეხვედრებში გამოჩნდა, "ნერაძურის" საუკეთესო თავდაცვა თავდასხმა იყო... ზეწოლის შედეგად, 30-ე წუთზე სტუმართა დაცვამ უხეში შეცდომა დაუშვა. ეპიზოდის ანტიგმირი კორდობა გახდა, რომელიც მატრის ზურგსუკან აღმოჩნდა და სორენსენის ჩაწოდების შემდეგ, "იუვეს" ახალწვეულს თავით გატანის საშუალება მისცა - 1:0. "ინტერს" საპასუხო შეტევაშივე შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ კამბიასომ საკმაოდ ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენა. მეორე ნახევარიც ისეთივე უშეღავათო ბრძოლით დაიწყო, როგორითაც პირველი ტაიმი დასრულდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. ჯანლუიჯი ბუფონს პაცინის საკმაოდ უხერხული თავურის მოგერიება მოუხდა, საპირისპირო კართან კი მომენტი კვლავ მატრის შეექმნა - "ინტერის" მცველებმა "იუვენტუსის" თავდამსხმელი კვლავ უმეთვალყურეოდ დატოვეს და ტურინელთა ახალწვეულს სულ მცირე დააკლდა დუბლის გაფორმებამდე. მოგვიანებით, სტანდარტული მდგომარეობისას "ნერაძურის" საჯარიმოში საჰაერო დუელი კიელინიმ მოიგო, თუმცა, ზუსტად ვერც მან დაარტყა. ამის შემდეგ სტუმრებმა მარცხის საფრთხე რეალურად იგრძვნეს და დიდი ძალისხმევის შედეგად თამაში თანდათან მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს. გარკვეული დროის განმავლობაში "იუვეს" მცველები უნაკლოდ თამაშობდნენ და ბუფონსაც საქმე ნაკლებად ჰქონდა, თუმცა, მატჩის ბოლოს "ბებერი სენიორას" უკანახაზელებს დაღლა დაეტყოთ და მათაც შეცდომებს უმატეს. ერთ მომენტში ტურინელებმა ეტოოს ბუფორნთან ერთი-ერთზე გასვლის საშუალება მისცეს, მაგრამ მასპინძლები ლეგენდარულმა კიპერმა გადაარჩინა. შემდეგ კი სორენსენი შეცდა და ბურთი პირდაპირ სნეიდერს ჩააბარა, თუმცა, ბარცალიმ და ბონუჩიმ ახალგაზრდა პარტნიორის შეცდომის გამოსწორება ერთობლივი ძალებით მოახერხეს. ეს მომენტები არაფერია იმასთან, რომელიც მატჩის მიწურულს ეტოოს შეექმნა. მაიკონის ჩაწოდებისა და მასპინძელთა მცველების შეცდომის შემდეგ, ბურთი ცარიელ კართან მდგომ კამერუნელს მიუვიდა, მან კი მოახერხა და ორი მეტრიდან ტყავის სფერო ხარიხას გაარტყა... ამ მომენტმა საბოლოო გატეხა "ინტერი". "ნერაძურის" ფეხბურთელებს საბრძოლო განწყობაც დაეკარგად და აღარც ძალა შერჩათ ბოლო შტურმისთვის. "იუვენტუსმა" შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა და ამის წყალობით გათამაშების ცხრილში მეექვსე ადგილზე აინაცვლა.
|