”ინტერის” მე-6 თასი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, მოურინიომ იტალიის თასი დაისაკუთრა
მიმდინარე სეზონის იტალიის საუკეთესო კლუბების დაპირისპირებაში გუშინ, რომის "სტადიო ოლიმპიკოზე” თასის მფლობელი გაირკვა. "ინტერმა” და "რომამ”, რომლებიც ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულსაც ეცილებიან, ამჯერად იტალიის თასის 62-ე გათამაშების გამარჯვებული გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს გუნდები თასის გადამწყვეტ მატჩში მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს. აქამდე გამართულ ოთხ ფინალში ანგარიში 2:2 იყო. გუშინ კი, თანაფარდობა "ნერაძურის” სასარგებლოდ დაირღვა.
თამაშამდე ერთი დღით ადრე, "ინტერის” ბანაკიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, სატიტულო შეხვედრაში ტრავმირებული ვესლი სნეიდერის თამაში პრაქტიკულად გამორიცხული იყო. ამის მიუხედავად, ჟოზე მოურინიომ მაინც გარისკა და ჰოლანდიელი ფლეიმეიკერი ძირითადში დააყენა, მაგრამ მოედანზე ყოფნა მას მაინც არ დასცალდა - შეხვედრის დებიუტშივე ბურდისოსთან შეჯახებისას მიღებული ტრავმის გამო, უკვე მე-5 წუთზე სნეიდერი შესაცვლელი გახდა. ტაიმის ბოლოს მოურინიოს კიდევ ერთი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა - დაშავებული კორდობას ნაცვლად, მოედანზე ვალტერ სამუელი შეუშვა.
სულ მალე კი, მატჩის ერთადერთი გოლიც გავიდა - დიეგო მილიტომ "რომას” სამი მცველისგან მოახერხა თავის დაღწევა და საჯარიმოს წინა ხაზიდან ჟულიო სერჟიოს შორეულ "ცხრიანში” გაუტანა. სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, "ჯალოროსიმ” ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო, რითაც "ინტერს” სეზონში პირველი ტიტულის მოგების საშუალება მისცა. "ნერაძურიმ” იტალიის თასის მოპოვება მეექვსედ მოახერხა, რეკორდსმენები კი "რომა” და "იუვენტუსი” არიან, რომლებსაც აღნიშნული ტიტული 9-9-ჯერ აქვთ მოგებული.