მიუხედავად იმისა, რომ იტალიური "ინტერი” ძალისხმევას არ იშურებს ჟოზე მოურინიოს შესანარჩუნებლად, მაინც არსებობს არცთუ მცირე შანსი იმისა, რომ პორტუგალიელმა იტალიის მოქმედი ჩემპიონები მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს. როგორც ცნობილია, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტს მადრიდის "რეალი” ეპატიჟება. იმ შემთხვევისთვის, თუ მილანელებს ახალი მწვრთნელი დასჭირდებათ, მასიმო მორატის კანდიდატთა შერჩევა უკვე დაწყებული ჰყავს. 
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მორატის სიაში, პირველ ადგილს გამოცდილი იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო იკავებს, რომელიც ამჟამად ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში. მორატი ასევე განიხილავს "ინტერის” ყოფილი ფეხბურთელის, სინიშა მიხაილოვიჩის კანდიდატურასაც. ამ უკანასკნელმა, ცოტა ხნის წინ, თავად გამოთქვა "ინტერში” მუშაობის სურვილი. თავისი კანდიდატურები ჰყავს კლუბის ტექნიკურ დირექტორს, მარკო ბრანკას. მას სურს, რომ მოურინიოს მისივე თანამემამულით, ჟორჟე ხესუსით იქნას ჩანაცვლებული. ეს უკანასკნელი, ამჟამად, პორტუგალიურ "ბენფიკას” წვრთნის. ბრანკას სათადარიგო ვარიანტია "მალიორკას” დამრიგებელი, გრეგორიო მანსანო.
ავტორი: გიგა თედორაძე
|