ეს ნაკრებები უკანასკნელად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ "სკუადრა აძურამ" დამატებითი დროის მიწურულს მეტოქეს 2 გოლი გაუტანა (ფაბიო გროსომ და ალესანდრო დელ პიერომ) და ფინალში გააღწია, სადაც საფრანგეთი დაამარცხა პენალტების სერიაში.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა - ორივე გუნდს შეეცვალა მწვრთნელი, შემადგენლობა კი მნიშვნელოვნად გადახალისდა. განსაკუთრებით ეს იტალიას ეხება, რომლის ძირითადში გუშინ 2006 წლის ნახევარფინალის მონაწილეთაგან მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონი გამოჩნდა. გერმანელთა რიგებში "ვეტერანი" მეტი აღმოჩნდა - ფილიპ ლამი, პერ მერტეზაკერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ლუკას პოდოლსკი და მიროსლავ კლოზე 5-წლისწინანდელი მატჩის მონაწილეები არიან, რომელიც სხვათა შორის, ასევე დორტმუნდში გაიმართა. გუშინდელი შეხვედრა ჩეზარე პრანდელის ფეხბურთელთა აქტიურობით დაიწყო. ისინი უმეტესად ფლანგებით უტევდნენ, მაგრამ გერმანელი მცველები მეტოქის იერიშებთან გამკლავებას ახერხებდნენ. შემდეგ კი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ფეხბურთში, ბურთი სწორედ შემტევი გუნდის კარში აღმოჩნდა. მიულერისა და იოზილის გათამაშებული კომბინაცია გოლით კლოზემ დაასრულა. ბუნდესნაკრების ყველა დროის მეორე ბომბარდირისთვის ეს ეროვნული გუნდის ფორმით გატანილი 59-ე გოლი იყო და იგი ახლა 8 შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება ნაკრების საუკეთესო მეგოლე გერდ მიულერს. იქვე კლოზეს მეორე გოლის გატანაც შეეძლო - იოზილის გადაცემით "ბაიერნის" ფორვარდი ბუფონთან პირისპირ გავიდა, მაგრამ იტალიელ კიპერს დუელში ვერ აჯობა. ამას ისევ სტუმრების გააქტიურება მოჰყვა. კასანოსა და დე როსის დარტყმების შემდეგ გერმანელები მანუელ ნოიერმა იხსნა და შესვენებაზე თავისი გუნდი ლიდერის როლში გაიყვანა. მეორე ნახევარში ტერიტორიულ უპირატესობას უკვე მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა, საგოლე მომენტები უფრო ხშირად ისევ ბუნდესნაკრების კართან იქმნებოდა. ნოიერის საიმედოობა შეცვლაზე შესულმა ბორიელომ და როსიმაც შეამოწმეს. საბოლოოდ, სწორედ "ვილიარეალის" თავდამსხმელმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა - კრიშიტოს გადაცემის შემდეგ, როსიმ მერტეზაკერს პოზიციური ბრძოლა მოუგო და ბუნდესნაკრების კიპერთან ერთი-ერთზე დარჩა. ნოიერმა როსის პირველი დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ ბურთი ისევ "სკუადრა აძურას" ტანმორჩილ თავდამსხმელს მიუვიდა და მან მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 1:1. საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა. "ფრე სამართლიანი შედეგია. დამარცხებას არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა. ამ ეტაპზე ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. იტალიის ნაკრები მხოლოდ ახლა ეწყობა და გერმანიასთან სტუმრად ნათამაშები ფრე შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს", - განაცხადა პრანდელიმ. აღსანიშნავია, რომ იტალიის შემადგენლობაში ორ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. "სკუადრა აძურას" ფორმით პირველად ითამაშა ბრაზილიური წარმოშობის მქონე ტოგო მოტამ. იმის მიუხედავად, რომ მას ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული, ფიფამ მაინც დართო იტალიის შემადგენლობაში თამაშის უფლება. ტიაგო მოტას გარდა, "სკუადრა აძურას" რიგებში პირველად ითამაშა სებასტიან ჯოვინკომაც.
აქვე იმასაც დავამატებთ, რომ გერმანიის ნაკრები აგერ უკვე 16 წელია ვერ ახერხებს იტალიელთა დამარცხებას.