კამერუნის ეროვნული ნაკრების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა, სამუელ ეტოომ შესაძლოა მუნდიალი გამოტოვოს. თუ მართლაც ასე მოხდა, მიზეზი სულაც არ იქნება ტრავმა, უბრალოდ ეტოო განაწყენებულია წარსულში ცნობილ კამერუნელ ფეხბურთელზე, როჟე მილაზე. 
ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ეტოო ნაკრებში თამაშის დროს შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ავლენს. ნაცვლად იმისა, რომ ეტოოს ამ სიტყვების შემდეგ მოტივაცია მომატებოდა, მან მილას შეუტია და განაცხადა, რომ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთოდ არ ითამაშოს.
"საერთოდ მიღირს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კიდევ რამდენიმე დღე მაქვს. მოვიფიქრებ, იქნება თუ არა ჩემპიონატისთვის ჩემი მონაწილეობა მნიშვნელოვანი. ჩემი კარიერისთვის რომ ეს ტურნირი აუცილებელი არაა, ეს უკვე ვიცი” – ციტირებს ეტოოს სიტყვებს Reuters.
ეტოომ კომენტარი გააკეთა უშუალოდ მილასთან დაკავშირებითაც: "რამდენის უფლებას აძლევს მილა საკუთარ თავს? მას ხომ მსოფლიოს ჩემპიონატი არ მოუგია, მხოლოდ 1/4-ფინალამდე მიაღწია” – აცხადებს ეტოო, რომელიც 94 მატჩში გატანილი 44 გოლით კამერუნის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. რაც შეეხება მილას, "მოუთვინიერებელი ლომების” რიგებში ჩატარებულ 102 მატჩში მას 28 გოლი აქვს გატანილი.
ავტორი: გიგა თედორაძე
|