შესანიშნავი მატჩის მომსწრენი გახდნენ გუშინდელი შეხვედრის მაყურებელნი…"ინტერმა” გააგრძელა მილანისკენ სვლა და ამჯერად რომას დამარცხებით მოიპოვა საჭირო 3 ქულა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და საბოლოო ანგარიში 5-3 დაფიქსირდა.
თუმცა საინტერესო და საგანგაშო ისაა, რომ 4-1 ანგარიშზე ათკაციანმა "რომამ” შეძლო მობილიზება და კიდევ ორი გოლი გაიტანა. "ინტერმა” თამაში საინტერესოდ დაიწყო და უკვე მეორე წუთზე უესლი სნეიდერის ბრწყინვალე დარტყმას გოლიც მოჰყვა. სწრაფ გოლს "რომა” არ დაუბნევია და "მგლები” ძალიან გააქტიურდნენ. მათ შედეგი მალევე მიიღეს, ფაბიო სიმპლისიომ მარკო კასეტის გამჭოლ პასს ფეხი დაუხვედრა და ანგარიშიც გათანაბრდა. ზუსტად ორ წუთში კარგი შანსი ჰქონდა რომას წინ გასულიყო, თუმცა ჟულიო სეზარი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და შესანიშნავი რეაქციის წყალობით ზედიზედ სამჯერ მოიგერია ბურთი. ბრაზილიელმა მეკარემ ეს მატჩი მართლაც რომ მაღალ ნოტაზე ჩაატარა. აქტიური იყო უესლი სნეიდერიც, მან რამდენჯერმე შორეული დარტყმებით შეაშინა რომაელი გულშემატკივარი, თუმცა ამჯერად ჟულიო სერჟიო ახერხებდა ბურთის მოგერიებას. ათი წუთით ადრე პირველი ტაიმის დასრულებამდე, ჯონ არნე რიისეს კამერუნელი ეტოო გაექცა და ამ უკანასკნელმაც შესანიშნავი ცაციათი აიღო მეტოქის კარი. ამ ანგარიშით დასრულდა პირველი ტაიმი, მეორეში კი კამბიასოს გადაცემის შემდეგ პაცინიმ გაიტანა გოლი, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. 61-ე წუთზე პაცინის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის მოედნიდან ნიკოლას ბურდისო გააძევეს. პენალტი ეტოომ უნაკლოდ შეასრულა და ანაგარიშიც 3-1 გახდა. ამას ტიაგო მოტას თავური მოყვა და რომაელთა განადგურებას აღარაფერი აკლდა… 4-1. სულ მალე მეხუთეს გატანა დიეგო მილიტოს შეეძლო, რომელიც კარიდან 3 მეტრში სრულიად მარტო იყო, თუმცა არგენტინელმა ბურთი ისე საშინლად დაარტყა, რომ… დანიელე დე როსის შესრულებულ შორეულ საჯარიმო დარტყმას ფეხი ვუჩინიჩმა დაუხვედრა, დაბნეულმა ჟულიო სეზარმა კი ამჯერად ვერ შეძლო გუნდის გადარჩენა და ანგარიში კვლავ ორამდე შემცირდა. ამას სიმონე ლორიას გატანილი გოლიც მოჰყვა და დედაქალაქელ ფანებს კიდევ რჩებოდათ რაღაც იმედი. ეს იმედი კი სამუელ ეტოოს გარღვევამ და ესტებან კამბიასოს გოლმა გააქრო. არგენტინელი იმდენად კარგად თამაშობდა, ნამდვილად იმსახურებდა გატანილ გოლს… 5-3 აი, ასე დასრულდა დაუნდობელი სროლები "ჯუზეპე მეაცას სახელობის მოედანზე”.