ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ ხდება, როცა არ რჩება კითხვები იმის შესახებ, თუ რომელი გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას. არანაირ ეჭვს არ იწვევს "ინტერის” უპირატესობა ტურნირზე მოთამაშე სხვა გუნდებთან მიმართებაში. 
ასევე არ იწვევს ეჭვს ის ფაქტი, რომ აწ უკვე დასრულებულ საკლუბო სეზონში, ევროპაში მწვრთნელთაგან თავი ყველაზე მეტად ჟოზე მოურინიომ გამოიჩინა. გუშინდელ მატჩში პორტუგალიელის უპირატესობა იმდენად იგრძნობოდა, რომ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ – სამწლიანი ერთობლივი მუშაობის პერიოდში, ლუის ვან გაალმა ჟოზე მოურინიოს ხეზე ასვლა ასწავლა. "სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ მატჩს უნდა გაერკვია, თუ რომელი მწვრთნელი დაიკავებდა საპატიო ადგილს ერნსტ ჰაპელისა და ოტმარ ჰიტცფელდის გვერდით. აქამდე სწორედ მხოლოდ ამ ორ მწვრთნელს ჰქონდა ლიგა ორჯერ მოგებული ორ სხვადასხვა კლუბთან ერთად. გუშინ, მათ რიგებს ჟოზე მოურინიოც შეუერთდა, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე”, პირველი და, სავარაუდოდ, არა უკანასკნელი გამარჯვება იზეიმა. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი, მომდევნო სეზონიდან, სწორედ ამ სტადიონის მეპატრონე "რეალს” ჩაიბარებს და ევროპის შემდეგ, ესპანეთში შეეცდება "ბარსელონას” ჰეგემონიის დამხობას.
რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ შეხვედრას, იგი მილანური კლუბის უპირატესობით დაიწყო და თუ ცალკეულ გამონაკლისებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში ასეც წარიმართა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საწყის წუთებში უკეთ მოურინიოს შეგირდები გამოიყურებოდნენ, პირველი სახიფათო მომენტი მაინც მიუნხენელებმა შექმნეს. მატჩის ყველაზე აქტიური ფეხბურთელის, არიენ რობენის მარჯვენა ფლანგზე კარგ თამაშს, დასარტყმელ პოზიციაზე ოლიჩის გასვლა მოჰყვა, მაგრამ დასწრებაზე მოთამაშე ხორვატს მიზანმა უმტყუნა. "ინტერმა” პირველად სახიფათოდ მე-18 წუთზე დაარტყა, როდესაც სნეიდერის ჯარიმის და რიკოშეტის შემდეგ, ბუტი იძულებული გახდა ბურთი კუთხურზე მოეგერიებინა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშს კვლავ "ინტერი” აკონტროლებდა, მორიგი სახიფათო მომენტი მაინც მიუნხენელებმა შექმნეს. მიულერის კარგი თამაშის შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე რობენი გავიდა, მაგრამ ზუსტად ვერც ჰოლანდიელმა დაარტყა. შემდეგი სახიფათო მომენტი კი გოლად იქცა - ფინალური მატჩის აშკარად საუკეთესო ფეხბურთელმა, დიეგო მილიტომ ჟულიო სეზარის შორეულ გადაცემაზე, მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და იქვე მდგომ სნეიდერს უპასა. ამ უკანასკნელს ბევრი არ უფიქრია და კარგად გახსნილ არგენტინელ თანაგუნდელს დაუბრუნა ბურთი, რომელიც მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ აღმოჩნდა, შესანიშნავი პაუზა გააკეთა და ანგარიშიც გახსნა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ერთადერთი აღსანიშნავი რამ მოხდა - 43-ე წუთზე, მილანელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა მილიტომ, რასაც სნეიდერის დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა მოჰყვა, მაგრამ ჰოლანდიელმა ვერ ივარგა და ბურთი პირდაპირ ბუტის მიმართულებით გაგზავნა. მე-2 ნახევარი იმ გუნდის შეტევებით დაიწყო, რომელსაც გოლი სჭირდებოდა. ლამის პირველივე შეტევის დროს, "ბაიერნს” მთელი მატჩის განმავლობაში ყველაზე სახიფათო მომენტი შეექმნა, როდესაც ალტინტოპის კარგი თამაშის და გადაცემის შემდეგ, მიულერი გავიდა სეზართან პირისპირ, მაგრამ ვერ აჯობა. ერთი წუთი არ იყო გასული, როდესაც მილიტომ, "ინტერის” შეტევის მარცხენა ფლანგზე კვლავ კარგად ითამაშა და ამჯერად პანდევი დატოვა კარგ პოზიციაში, მაგრამ მაკედონიელის ეშმაკური დარტყმული ბუტმა კუთხურზე მოიგერია. მორიგი სახიფათო მომენტი 65-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც რობენი საფირმო რეიდის შემდეგ ცდილობდა კარის აღებას, მაგრამ მისი დარტყმული სეზარმა მოიგერია. სამაგიეროდ, შედეგიანი გამოდგა მილანელთა საპასუხო სახიფათო შეტევა. მილიტომ კვლავ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ვან ბუიტენი იოლად მოატყუა და ბუტთან კვლავ პირისპირ გასულმა დუბლი შეასრულა. ამ გოლით, მილიტო გახდა, ერნან კრესპოს შემდეგ, მეორე არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში 2 გოლის გატანა შესძლო (1960 წელს, როდესაც ფინალში ჰეთ-თრიკი ალფრედო დი სტეფანომ შეასრულა, იგი უკვე ესპანელ ფეხბურთელად იწოდებოდა). ამ გოლის შემდეგ, "ინტერმა” აქცენტი უკვე სრულად დაცვაზე გააკეთა, ხოლო "ბაიერნმა” მილა¬ნელთა გაძლიერებულ დაცვას ვერაფერი დაუპირისპირა და ჰოვარდ ვების საფინალო სასტვენამდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა. ინგლისელი არბიტრის საფინალო ნიშანმა კი, სრულიად მსოფლიოს აუწყა, რომ 45-წლიანი შესვენების შემდეგ, ევროპის საუკეთესო კლუბის წოდება მილანის "ინტერმა” მოიპოვა. ერთი საინტერესო ფაქტი – როდესაც "ინტერმა”, გუშინდლამდე, უკანასკნელად მოიგო ჩემპიონთა თასი, მილანელთა დღევანდელი შემადგენლობიდან დაბადებულიც კი არავინ არ იყო. ტრიუმფატორი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო კი, იმ დროს მხოლოდ 2 წლის გახლდათ... ჩემპიონთა ლიგა ფინალი ბაიერნი - ინტერი 0:2 (0:1) ბაიერნი: ბუტი, ვან ბუიტენი, დემიკელისი, ალტინტოპი (კლოზე 63), რობენი, ოლიჩი, (გომესი 74), ვან ბომელი, ლამი, შვაინშტაიგერი, ბადშტუბერი, მიულერი. ინტერი: სეზარი, მაიკონი, კივუ (სტანკოვიჩი 68), ლუსიო, სამუელი, ძანეტი, კამბიასო, სნეიდერი, პანდევი (მუნტარი 79), ეტოო, მილიტო (მატერაცი 90). გოლები: 0:1, 0:2 მილიტო (35) (70) გაფრთხილება: დემიკელისი (26), კივუ (30) ვან ბომელი (78),
დაწყება: ინტერი I აუტი: ინტერი, I კუთხური: ბაიერნი, კარში დარტყმა: (6-7), კარისკენ დარტყმა: (7-2), ჯარიმა: (16-13), კუთხური: (6-2),ყვითელი: (2-1), თამაშგარე: (0-0), ბურთის ფლობა: (66%-34%). ავტორი: გიგა თედორაძე
|