იტალიისა და ევროპის ჩემპიონის, მილანის "ინტერის” ახალგაზრდა თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი კლუბში რჩება. ამის შესახებ განცხადება მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ გააკეთა. 
"ინტერი” ბალოტელის ტრანსფერზე არ დააყენებს. ჩვენთვის არ აქვს მნიშნელობა ვინ იქნება კლუბის მომდევნო მწვრთნელი, ბალოტელის ნებისმიერ შემთხვევაში დარჩენა სურს. არამგონია, კლუბში ვინმეს სურდეს ბალოტელის გაყიდვა. პრეზიდენტმა საჯაროდაც განაცხადა და დღეს, პირად საუბარშიც დამიდასტურა, რომ ბალოტელი არ იყიდება. ჩემს კლიენტს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს და იგი შექმნილი ვითარებით კმაყოფილია” – განაცხადა რაიოლამ Rai Sport 24-თან საუბრისას. გასული საკლუბო სეზონის მიწურულს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ რთული ხასიათის მქონე ბალოტელი "ინტერში” დარჩებოდა. 19 წლის ფეხბურთელს ჯერ ჟოზე მოურინიოსთან ჰქონდა პრობლემა, რის გამოც იგი ზედიზედ 7 მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა. შემდეგ მას კლუბის გულშემატკივრებთანაც შეექმნა პრობლემა და ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რომ იგი გუნდს დატოვებდა, მაგრამ როგორც ჩანს ასე არ ხდება და მილანური კლუბი განური ფესვების მქონე ფეხბურთელს კიდევ ერთ შანსს მისცემს.
გასულ სეზონში ბალოტელიმ "ინტერის” მაისურით, ყველა ტურნირზე, 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გარდა 11 გოლისა, თავი 8 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.
ავტორი: გიგა თედორაძე
|