რამდენიმე დღის წინათ, "მილანში” არსებული საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, ორ აპრილს გასამართ "მადონინაში” ფავორიტად "ინტერი” ითვლებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ნერაძურის ფაქტობრივად დაცვის გარეშე მოუწევს თამაში. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, "ინტერს” კრისტიან კივუც დააკლდება.  30 წლის რუმინელმა მცველმა, ტრავმა ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო და თუ Football Italia-ს დავუჯერებთ, "მილანთან” მისი თამაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეგახსენებთ, რომ "მილანთან” "ინტერს” ტრავმირებული სამუელი და დისკვალიფიცირებული ლუსიო ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა რანოკიას თამაშიც. თუ კივუმ უახლოეს ერთ კვირაში ვერ მოახერხა გამოჯანმრთელება, მაშინ "მილანთან”, დაცვის ცენტრში, სავარაუდოდ, მატერაცი-კორდობას დუეტი ითამაშებს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, კორდობას 21 მატჩი აქვს ჩატარებული (15 სასტარტოში), მატერაცის კი – მხოლოდ 5 (4 სასტარტოში).
|