მილანის "ინტერის” ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, ლუსიო თავის ყოფილ კლუბში, მიუნხენის "ბაიერნში” დაბრუნებას არ გამორიცხავს. 32 წლის ფეხბურთელის განცხადებით, თუ გერმანიიდან შეთავაზება ექნება, დასთანხმდება მას. 
"ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ჩემი "ბაიერნში” დაბრუნება, უპირველესად, კლუბების გადასაწყვეტია. ყველაფერი ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მიუნხენიდან წამოსულ შეთავაზებას დავთანხმდებოდი” – ციტირებს ლუსიოს სიტყვებს Bild. ბუნებრივია, ლუსიოს ამ კომენტარის შემდეგ ჩნდება ეჭვი "ბაიერნის” მხრიდან მისით დაინტერესების შესახებ, მაგრამ როგორც ირკვევა, მიუნხენელებს ბრაზილიელის დაბრუნებაზე არც უფიქრიათ. "არ მესმის, რატომ უნდა დატოვოს ლუსიომ "ინტერი”. მას კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, იგი საკმაო რაოდენობით ფულს იღებს. ასე რომ, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ გააკეთა მან ეს კომენტარი” – ამ სიტყვების ავტორი "ბაიერნის” პრეზიდენტი, ული ჰიონესია.
|