"მილანის" მოგებიდან ("იუვენტუსთან" 1:0) ერთ დღეში, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მისმა თანაქალაქელმა და მდევარმა "ინტერმაც" მოიპოვა. ლეონარდოს გუნდმა "სან სიროზე" "ჯენოა" გაანადგურა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 0:1-ს აგებდნენ (გოლი პალასიომ გაიტანა), მაგრამ მეორე ნახევრის 7-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს და შეხვედრის ბედიც იოლად გადაწყვიტეს.

ჯერ პაცინიმ იხეირა მაიკონის პასით და ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა. ჯენოელებმა ცენტრიდან გაანახლეს თუ არა თამაში, ბურთი იქვე დაკარგეს, მასპინძლებმა კი სწრაფი კომბინაცია გაათამაშეს, რის შემდეგაც, პანდევიმ შორიდან ძლიერად დაარტყა. ედუარდომ მაკედონიელის გასროლა კი მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე ყველას ეტოომ აჯობა და "ინტერი" დააწინაურა. 
57-ე წუთზე, ჯენოელები კიდევ ერთხელ შეცდნენ. იმავე ეტოომ ბურთი მცველს ფეხებიდან ააცალა, საჯარიმოში კალაძეც იოლად ჩამოიშორა და ახლო კუთხეში ზუსტი დარტყმით დუბლი გაიფორმა.

71-ე წუთზე, "ნერაძურის" უპირატესობა სამბურთიანი გახდა. ეტოო-სნეიდერის კომბინაცია პანდევის გოლით დასრულდა. თამაშის ბოლოს "ინტერის" შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი იანვარში შეძენილმა იაპონელმა ლეგიონერმა, ნაგატომომ გაიტანა. 
აღსანიშნავია, რომ აზიელს ასისტენტობა კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ხარჯამ გაუწია, რომელიც მილანურ გრანდში სწორედ "ჯენოადან" გადავიდა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბოსელიმ თავური დარტყმით დააფიქსირა - 5:2 გოლის გატანის შემდეგ, ნაგატომომ კაპიტანს თავი იაპონური ტრადიციებით დაუკრა

|