"ინტერმა" ლეონარდოს ხელმძღვანელობით ჩატარებული, ზედიზედ 5 მატჩის მოგების შემდეგ, "უდინეზეს" სწრაფი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 1:3 დამარცხდა. ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდმა, წინა ორ მატჩში მეტოქეებს 4-4 გოლი გაუტანა ("მილანთან" 4:4, "ჯენოასთან" 4:2). მართალია, უდინელებმა "ნერაძურისთან" იგივე ვეღარ გაიმეორეს, თუმცა, ოთხ გოლამდე არც ბევრი დააკლდათ. 
მასპინძლებმა შეხვედრის დაწყებისთანავე მწვავედ შეუტიეს მეტოქის კარს. თავიდანვე გეტყვით, რომ მათ შემტევი ტაქტიკა თამაშის ბოლომდე არ შეუცვლიათ. "ფრიულის" ბინადრები ვერც გაშვებულმა გოლმა გატეხა - საჯარიმოში მყოფმა სტანკოვიჩმა გადაცემა ტიაგო მოტასგან მიიღო და სერბს იმდენად ძლიერი დარტყმა გამოუვიდა, რომ ჰანდანოვიჩი არც კი განძრეულა - 0:1. აქედან ხუთ წუთში, სტატუს-კვო და მასთან ერთად სამართლიანობაც აღდგა - საპატამ დაახლოებით, 15 მეტრიდან კასტელაცის ახლო "ცხრიანში" გაუტანა. კიდევ 4 წუთი და "ინტერის" კარში მეორე გოლი გავიდა. ანტონიო დი ნატალემ ოსტატურად შესრულებული საჯარიმოთი ბურთი "ცოცხალ კედელს" გადაავლო და დაბალ კუთხეში გაიტანა - 2:1. მეორე ნახევარიც მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ისინი "ინტერის" ფეხბურთელებს ამოსუნთქვისა და შეტევაში წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. უჩვეულოდ ინერტული იყო სამუელ ეტოო, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში, თავი თითქმის არაფრით გამოუჩენია. 69-ე წუთზე კი, "ნერაძურის" კარში მესამე გოლი გავიდა. სტუმართა მიერ ამოტანილი ბურთი ასამოამ თავით ისევ მეტოქის საჯარიმოში ჩააბრუნა, ხოლო იქ მაურიციო დომიციმ კასტელაცის დაასწრო და ვარდნაში ფეხით გაიტანა - 3:1. "ინტერის" ფეხბურთელებმა ამის შემდეგ საერთოდ დაკარგეს თამაშის ხალისი. "უდინეზე" კი კვლავ აგრძელებდა შეტევებს. პინცის, სანჩეისისა და დი ნატალეს სახიფათო დარტყმების შემდეგ, კასტელაცის ზედიზედ მოუწია ბურთის მოგერიება. მოკლედ, "ნერაძური" ისე დამარცხდა, რომ ხეირიანად არც უბრძოლია. უფრო სწორად, მას ამის საშუალება მეტოქემ არ მისცა, მეტოქემ, რომელმაც 2011 წელს ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში, 13 გოლი გაიტანა და 12 შესაძლებლიდან 10 ქულის აღება მოახერხა.
|