დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაანონსებული ტრანსფერი, დღეს ოფიციალურად დადასტურდა და 22 წლის ცენტრალური მცველი, ანდრეა რანოკია მილანის "ინტერის” ფეხბურთელი გახდა. 
იტალიის მოქმედი ჩემპიონები "ჯენოას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 50 პროცენტს ფლობდნენ, მაგრამ ვალტერ სამუელის მძიმე ტრავმამ ისინი ახალი მცველის შეძენის აუცილებლობის წინაშე დააყენა და არჩევანი სწორედ რანოკიაზე შეჩერდა.
"ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, რანოკიამ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა და იგი 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სატრანსფერო თანხა ოფიციალურად არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, გენუელები რანოკიას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს ითხოვდნენ, მაგრამ მილანელებმა მათი 8 მილიონზე დაყოლიება მოახერხეს.
ავტორი: გიგა თედორაძე
|