Corriere dello Sport ამ დღეებში კარლოს ტევესის მილანში იდუმალი სტუმრობის დეტალების გარკვევას ცდილობდა და საბოლოოდ, საკმაოდ საინტერესო "ჭორ-მართალიც” გაიგო. 
თურმე "ფულის სიყვარულით” ცნობილი არგენტინელი თავდამსხმელი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის” ტრიბუნების ფავორიტიდან მათთვის ყველაზე საძულველ პერსონამდე სწორედ "სიტის” არაბი შეიხების მილიონების მიმზიდველობის გამო გადაიქცა, "ინტერში” აპირებს გადასვლას, თუმცა ამისთვის საკმაოდ დიდი ანაზღაურების მიღება განუზრახავს.
იმავე გამოცემის ცნობით, საუბარია წელიწადში 9 მლნ ევროზე, რისი მიღების ულტიმატუმიც ტევესმა მასიმო მორატის წაუყენა. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ "სიტი” მის სანაცვლოდ სავარაუდოდ 40-45 მლნ ევროს და ინტერის ლიდერის, უესლი სნეიდერის მიღებას შეეცდება. მორატი თანხის გადახდასა და ტევესის სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე თანახმაა, თუმცა სნეიდერის გასხვისების შესაძლებლობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და მის სანაცვლოდ "სიტის” დიეგო მილიტოს ან გორან პანდევს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ტევესს "ქალაქელებთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.
|