ფლორენციის "ფიორენტინამ” დღეს ოფიციალურად დაადასტურა კლუბიდან ჩეზარე პრანდელის წასვლა და მალევე გაახმოვანა მისი შემცვლელის ვინაობა – გუნდს მომდევნო სეზონიდან სინიშა მიხაილოვიჩი გაწვრთნის. 
თუ პრანდელისთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, სიურპრიზი იყო მისი შემცვლელის ვინაობის ასე მალე გამხელა. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მიხაილოვიჩის სახელს, ბოლო დროს, მილანის "ინტერს” უკავშირებდნენ.
ფლორენციული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, "კატანიას” ყოფილი მწვრთნელის პრეზენტაცია ხვალ, ადგილობრივი დროით 12 საათზე მოხდება "არტემიო ფრანკის” საპრესკონფერენციო დარბაზში. თუ რამდენწლიან ხელშეკრულებს გააფორმებს 41 წლის სერბი სპეციალისტი, ეს ჯერჯერობით უცნობია.
სინიშა მიხაილოვიჩმა სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს, "ბოლონიაში” დაიწყო. "ლურჯ-წითლების” მესაჭედ ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მან "კატანიას” მიაშურა და ეს გუნდიც ერთი სეზონის შემდეგ დატოვა იმისათვის, რომ უფრო მაღალ დონეზე, "ფიორენტინაში” მოესინჯა ძალები.
ავტორი: გიგა თედორაძე
|