კაპელომ ახალი კონტრაქტით "ინტერს" ოცნების შანსიც არ დაუტოვა
ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ ბრიტანელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. უფრო სწორად, მხარეებმა ძველ ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილება შეიტანეს, რომელიც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე გუნდში კაპელოს დარჩენის გარანტიას იძლევა. ამით, "დონ ფაბიომ" საბოლოო წერტილი დაუსვა "ინტერში" მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს. 
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასა და იტალიელ სპეციალისტს შორის გაფორმებულ ძველ კონტრაქტსაც ვადა 2 წლის შემდეგ ეწურებოდა, მაგრამ მასში იყო ერთი პუნქტი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მხარეებს ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას აძლევდა. სწორედ ამ პუნქტის გამო, კაპელო ათასგვარი ჭორების ობიექტად იქცა. ყველაზე ხშირად მას "ინტერის" თავკაცის პოსტზე, ჟოზე მოურინიოს შემცვლელად მოიხსენიებდნენ. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ, თვით "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ აღიარა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ყველაზე მეტად კაპელოს ხილვა სურდა. დღეიდან სენიორ მასიმოს ამგვარი ილუზიები აღარ შეაწუხებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაისში კაპელომ თავის ფეხბურთელებს ტრანსფერებსა და ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკების 2 თვით გადადება სთხოვა. 63 წლის იტალიელის აზრით, ეს ფეხბურთელებს კონცენტრაციის საშუალებას არ აძლევს, რაც მუნდიალზე შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. ახლა კი, კაპელო საკუთარ გეგმებშიც საბოლოოდ გაერკვა და შეუძლია უახლოესი 2 წლის განმავლობაში, ინგლისის ნაკრების გარდა, სხვაზე აღარაფერზე იფიქროს. ავტორი: გიგა თედორაძე
|