მილანის "ინტერის” პრეზიდენტ მასიმო მორატის სწამს, რომ მის გუნდს სასწაულის მოხდენა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა ჯერ კიდევ შეუძლია. 
ამისათვის, მან ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ და საკუთარი თავის რწმენისკენ მოუწოდა.
"ინტერი” გელზენკირხენის "შალკესთან” მილანში 2:5 დამარცხდა და ახლა გერმანიაში ოთხი უპასუხო გოლის გატანა მართებს. მიუხედავად ამისა, Football Italia-სთან საუბარში, მორატი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, იტალიის სერია A-ს მოგების იმედიც აქვს. "მთავარი კონცენტრაციაა. ბიჭებმა უნდა გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ჩემპიონთა ლიგისა და სერია A-ს მოსაგებად და მოვლენებს დაველოდოთ. წინდაწინ დანებება არაფრით არ შეიძლება” - განაცხადა მორატიმ. იტალიის სერია A-ს დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, "ინტერი” სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ "მილანს” ხუთი ქულით ჩამორჩება.
|