მილანის "ინტერის” ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დუგლას მაიკონის მადრიდის "რეალში” შესაძლო გადასვლა კვლავ აქტუალური საკითხია მიუხედავად იმისა, რომ თავად ფეხბურთელმა იტალიაში დარჩენის სურვილი გამოთქვა. 
მაიკონის თქმით, იგი "ინტერის” დატოვების შემთხვევაში მხოლოდ "რეალში” გადავა და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ მილანური გუნდის ხელმძღვანელობა დასთანხმდება მის გაყიდვას. მადრიდული Marca-ს ცნობით, შესაძლოა საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდეს, მაგრამ მორატი მაიკონს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ "რეალისგან” თანხის გარდა ქარიმ ბენზემასაც მიიღებს.
პირველ მადრიდულ სეზონში ბენზემამ იმედები აშკარად ვერ გაამართლა. სეზონის სტარტზე იგი თითქმის ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მანუელ პელეგრინის ნდობა ნელ-ნელა დაკარგა და მართალია ესპანეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მათგან მხოლოდ 14 ძირითადში და აქედან 4 სრულად. ესპანეთის ჩემპიონატში, ძირითად შემადგენლობაში ბენზემამ ბოლოს 6 თებერვალს ითამაშა. ამ 27 მატჩში ფრანგმა 8 გოლი გაიტანა, იმდენივე, რამდენიც კაკამ. აღსანიშნავია, რომ გოლების გატანა ბრაზილიელის უშუალო მოვალეობა სულაც არაა. წარუმატებელმა საკლუბო სეზონმა ბენზემა ნაკრების და შესაბამისად მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დატოვა. არაა გამორიცხული, ფლორენტინო პერესი მართლაც შეელიოს ბენზემას, მითუმეტეს როცა საქმე მაიკონის შეძენას ეხება.
ავტორი: გიგა თედორაძე
|