გასულ სეზონში, ყველაფრის მომგები ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, მადრიდულ AS-სთან ინტერვიუში აცხდებს, რომ მისი სურვილია თან გაჰყვეს "ინტერის” ყოფილ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს და კარიერა "რეალში” განაგრძოს. 
"ჩემი სურვილი მხოლოდ და მხოლოდ "რეალში” თამაშია. თუ მოვახერხე მადრიდულ კლუბში გადასვლა, ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნება” – აცხადებს ჯერ კიდევ მილანის "ინტერის” მარჯვენა მცველი, რომელიც რა თქმა უნდა, ყოფილი და შესაძლოა მომავალი დამრიგებლის, ჟოზე მოურინიოს მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს: "მოურინიო დიდებული მწვრთნელია, რომელთან ერთადაც ძალზე ბევრი ტიტული მოვიგეთ. მსურს მასთან ერთად კვლავ ვიმუშავო და განვაგრძო წარმატებების მიღწევა”. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, მადრიდულ პრესაში, აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა "რეალის” მწვრთნელად დანიშვნისთანავე მოისურვა მაიკონის თან წაყვანა, ხოლო ყოვლისშემძლე ფლორენტინო პერესმა ბრაზილიელის შეძენაზე დაიწყო ზრუნვა.
მაიკონმა, რომელიც თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, გასული სეზონი ძალზე მაღალ დონეზე ჩაატარა. იტალიის ჩემპიონატში ნათამაშებ 29 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. საგოლე გადაცემების მხრივ მაიკონი გუნდში საუკეთესო იყო, სერია A-ში კი მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2 ფეხბურთელს ჰქონდა.
ავტორი: გიგა თედორაძე
|