მაიკონი მოურინიოს "რეალში" არ მიჰყვება მილანის "ინტერისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, დუგლას მაიკონმა უარყო ხმები იმის შესახებ, რომ მან მადრიდის "რეალში” თამაშის სურვილი გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მადრიდულმა AS-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც მაიკონი თავის ერთ-ერთ უპირველეს სურვილად "სამეფო კლუბში” თამაშს ასახელებდა. 
"არ მითქვამს, რომ "რეალში” გადასვლა მინდა. "ინტერთან” კონტრაქტი 2014 წლამდე მაკავშირებს და ამ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. "ინტერს” არ დავტოვებ, თუ ამის სურვილს კლუბის ხელმძღვანელობა არ გამოხატავს” – განაცხადა მაიკონმა იოჰანესბურგში, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახსნა, თუ რა უთხრა მან მადრიდული გაზეთის ჟურნალისტს: "მე ვთქვი, რომ თუ წინადადება იქნება, ერთადერთი კლუბი, სადაც "ინტერიდან” წასვლას დავთანხმდები, "რელია”. მწვრთნელის გამო კლუბის შეცვლას არ ვაპირებ. მოურინიოსთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ ეს "ინტერში” გავაკეთე და არ ვაპირებ ამ კლუბის დატოვებას” – ციტირებს 28 წლის მარჯვენა მცველის სიტყვებს Globo.
ავტორი: გიგა თედორაძე
|