ბევრი ელოდა, რომ სერიოზული საკადრო პრობლემებით მოთამაშე მილანს, რომელიც დღევანდელ მადონინაში ნომინალური მასპინძელი გახლდათ, "ინტერისთვის” წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ "როსონერიმ” 3:0 გაიმარჯვა და ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. 
"მილანი” პირველივე წუთზე ალეშანდრე პატომ დააწინაურა. შესვენებამდე ძირითადად ინტერი უტევდა და ზედ მსაჯის სასტვენის წინ სამუელ ეტოომ ანგარიშის გათანაბრების ურეალურესი შანსი გაუშვა ხელიდან. ეს იყო და ეს, მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მსაჯმა მოედნიდან ბოლო იმედის ჯარიმისთვის კრისტიან კივუ გააძევა, ცოტა ხანში კი იმავე პატომ მეორეც გაიტანა და თამაში ფაქტობრივად აქვე მორჩა.
თუმცა მოვლენების ამგვარი განვითარება, როგორც ჩანს, არაორდინალურ ანტონიო კასანოს არ აწყობდა. იტალიელმა ამ მატჩი სულ რამდენიმე წუთი ითამაშა და ყველაფერი მოასწრო. ჯერ იყო და შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ ბურთთან ფაქტობრივად მეორე შეხებით ძანეტის საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვევინა, რისთვისაც არბიტრმა არგენტინელს გაფრთხილება მისცა, კასანომ კი პენალტი გაიტანა და მაისურიც გაიძრო, რის შემდეგაც მსაჯმა გაფრთხილება არც მისთვის დაინანა. უკვე დამატებულ წუთებზე კი ანტონიომ ალბათ თავადაც არ იცის, რატომ ჩაარტყა უკნიდან ფეხი სრულიად უწყინარ სიტუაციაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, წითელი ბარათი და გუნდებმა თამაში 10-10 ფეხბურთელით დაასრულეს. მილანის შავ-წითელი ნაწილი ზეიმობს!
|