გადაჭარბება ნამდვილად არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მილანის „ინტერი" გათამაშებას 1/4-ფინალური ეტაპიდან გამოეთიშება. ძნელია გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის გამარჯვებულმა, ასე სამარცხვინოდ წარმოაჩინა თავი საკუთარი გულშემატკივრების წინაშე. არც იმის მოფიქრებაა ადვილი, რა ძალამ უნდა გაიყვანოს „ინტერი" შემდეგ ეტაპზე. 
ლეონარდოს გუნდს რომ დაცვის ხაზში პრობლემები ჰქონდა, ეს თამაშის დაწყებამდეც ცნობილი იყო, მაგრამ აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ ბუნდესლიგის მე-10 გუნდი, ლიგისა და სერია A-ს მოქმედ ჩემპიონს ასეთ დღეში ჩააგდებდა.
მატჩის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ შეხვედრაში „შალკე" წარმატებას მიაღწევდა. მსაჯს თამაშის დაწყების ბრძანება 20 წამის მიცემული ჰქონდა, როდესაც კამბიასოს გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ მილიტო გადიოდა. მანუელ ნოიერმა კარი დროულად დატოვა და ბურთი თავით მოიგერია, მაგრამ მოედნის ცენტრში მყოფმა სტანკოვიჩმა, ერთი შეხებით დაარტყა და ცარიელ კარში გოლის გატანით, ანგარიში 25-ე წამზე გახსნა.
მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მე-17 წუთზე, სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, რასაც „ინტერის" საჯარიმოში არეულობა მოჰყვა და ახლო მანძილიდან, მატიპმა ანგარიში გაათანაბრა.
34-ე წუთზე, მილიტო-ზანეტი-სნეიდერი-კამბიასოს კომბინაციის შემდეგ, ბურთი კვლავ მილიტოსთან მივიდა და ცარიელი კარის წინ მარტოდმარტო დარჩენილ არგენტინელს, „ინტერის" წინ გაყვანა არ გასჭირვებია. ამ გოლით, მილანელებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეტევაში პრობლემები არ აქვთ, მაგრამ მე-40 წუთზე, მასპინძელთა მცველებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ჩემპიონის უმთავრეს პრობლემას სწორედ ისინი წარმოადგენენ. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, რაულმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, საჯარიმომდე იარა და ედუ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. მასპინძელთა მე-9 ნომრის პირველი დარტყმა სეზარმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კვლავ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. ამ გოლის დროს, „ინტერის" მცველების შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბურთით რაული იყო, მათ ედუს ძალიან კარგი დერეფანი გაუკეთეს, ხოლო დამატებაზე მოთამაშე სტუმართა შემტევს, დარტყმაში ხელი ვერავინ შეუშალა.
IIნახევარში, გოლები უკვე მხოლოდ გელზენკირხენელებს გაჰქონდათ. 53-ე წუთზე, ფარფანმა საჯარიმოს ხაზთან მყოფ რაულს უპასა. გადაცემის მომენტში, „ინტერის" მცველებმა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა სცადეს, მაგრამ რა გასაკვირია, რომ არ გამოუვიდათ - რაულსა და კარს შორის ჩარჩა ძანეტი და შედეგად, მეკარესთან პირისპირ გასულმა ესპანელმა, ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 70-ე გოლი გაიტანა. „სან სიროზე" გამართული მატჩის შემდეგ, რაულს ევროტურნირებზე უკვე 71 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით, მან „მილანელ" ფილიპო ინძაგის გადაუსწრო.
რაულის გოლიდან ოთხ წუთში, „ინტერის" დაცვის მორიგი ჩავარდნის შემდეგ, რანოკიამ სტუმართა მიერ კარის გასწვრივ გაკეთებული გადაცემის ჩაჭრა სცადა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბურთს ადგილი მილანელთა კარში მიუჩინა.
ხუთ წუთში, „შალკესგან" რბეული „ინტერი" მსაჯმაც გაწირა, როდესაც კივუსთვის მე-2 ყვითელი ბარათის ჩვენების დროს, აშკარად გადააჭარბა და მასპინძლები კაცნაკლულნი დატოვა.
შეხვედრას წერტილი 75-ე წუთზე დაესვა, როდესაც ზუსტად საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფი ედუს დარტყმის შემდეგ, სეზარმა ბურთს თვალი გააყოლა და იგი კარიდან მეხუთედ გამოიტანა. ამ გოლამდე, სტუმრებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ მილანელთა კარი ძელმა იხსნა.
განმეორებით მატჩში, „ინტერს" „შალკესთვის" 4 გოლის გატანა სჭირდება, თან ისე, რომ მილანელთა ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფმა დაცვამ გოლი არ გაუშვას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გელზენკირხენში გასამართ შეხვედრას კივუ გამოტოვებს. ასე რომ, ყველაფერი იმისკენ მიგვანიშნებს, თამამად ვთქვათ - ლიგა ჩემპიონის, ევროპული ფეხბურთი კი იტალიის გარეშე რჩება.
|