პირველ შეხვედრებში დაფიქსირებული შედეგების შემდეგ, ძნელია დღევანდელ წყვილებში რაიმე ინტრიგის პოვნა. "ინტერისა” და "ტოტენჰემის” გულშემატკივრების გარდა, ალბათ არავის სჯერა, რომ ეს გუნდები ნახევარფინალში გასვლას მოახერხებენ. შესაბამისად, დღევანდელი დღე ოფიციალურად გაფორმება იქნება იმისა, რაც ცნობილი ერთი კვირის წინათ გახდა.
შალკე-ინტერი (პირველი მატჩი 5:2) ზედიზედ ორი კოშმარული მატჩის შემდეგ ("მილანთან” 0:3 და "შალკესთან” 2:5), "ინტერმა” ხასიათი ცოტათი გამოიკეთა და სერია A-ში, "კიევოსთან” 2:0 მოიგო. თუმცა, ვერონელებთან გამართულმა მატჩმაც დაადასტურა, რომ ლეონარდოს გუნდს, დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. სწორედ ამ პრობლემების ხარჯზე მოახერხა "შალკემ” "სან სიროზე” 5 გოლის გატანა და დღეს, როდესაც მილანელები დიდი ძალებით იქნებიან წინ წასულები, რაულსა და მის თანაგუნდელებს, სავარაუდოდ, კვლავ არაერთხელ მიეცემათ სეზარის კარის აღების შანსი. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, სულ 2-ჯერ მომხდარა, ფლეი ოფის პირველი მატჩის საკუთარ მოედანზე წამგები გუნდი, შემდეგ ეტაპზე რომ გასულიყოს. ერთხელ, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში, ეს "აიაქსმა” მოახერხა, ხოლო მეორედ, მიმდინარე სეზონში, რთული მდგომარეობიდან "ინტერმა” დაიძვრინა თავი. 1/8-ფინალში, მილანელებმა ასევე გერმანულ "ბაიერნს” სძლიეს პირველი თამაშის წაგების შემდეგ, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ ლეონარდოს გუნდისთვის, ამჟამინდელი მდგომარეობა გაცილებით რთულია. ევროტურნირებზე, "ინტერმა” ფლეი ოფის პირველი მატჩი, საკუთარ კედლებში, სულ 7-ჯერ წააგო. შემდეგ ეტაპზე, მილანელები 3-ჯერ გავიდნენ. უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე, "შალკეს” ფლეი ოფის პირველი შეხვედრა, გასვლაზე, 10-ჯერ აქვს მოგებული და გელზენკირხენელებმა ყველა შემთხვევაში მოახერხეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. "შალკე” და "ინტერი” ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან. ორივე გუნდმა ორ-ორჯერ მოიგო, ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა. გელზენკირხენში, გუნდები ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ და ამ მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. "შალკეს” იტალიურ გუნდებთან სულ 11 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც გელზენკირხენელებმა 5 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს. საკუთარ კედლებში, "შალკემ” 2-ჯერ მოიგო და ამდენჯერვე ფრედ ითამაშა. "ინტერს” გერმანიის წარმომადგენლებთან გამართულ 34 თამაშში 16 მოგება, 8 ფრე და 10 მარცხი დაუგროვდა. გასვლით შეხვედრებში, მილანელებმა 5-ჯერ იმარჯვეს, 7-ჯერ ფრედ ითამაშეს და 3-ჯერ წააგეს. დისკვალიფიკაციების გამო, მასპინძლებს ჯეფერსონ ფარფანი ვერ დაეხმარება. საეჭვოა ტრავმირებული მეტცელდერისა და ხარისტეასის თამაში. სტუმართა რიგებში, დისკვალიფიკაციას იხდის კრისტიან კივუ. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მილანელთა განაცხადში მოხვდა ვალტერ სამუელი. მოქმედ ჩემპიონს, დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, დაუბრუნდა ლუსიოც. შეხვედას სლოვენიელი არბიტრი, დამირ სკომინა განსჯის. მისი მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში, "შალკე” პირველად ითამაშებს. რაც შეეხება "ინტერს”, მისი მატჩი სკომინამ ერთხელ განსაჯა – მიმდინარე სეზონში, მილანელებმა, საკუთარ მოედანზე, "ტოტენჰემი” 4:3 დაამარცხეს.
საინტერესო ფაქტები • ჩემპიონთა ლიგაზე/ჩემპიონთა თასზე, "შალკეს” 49 გოლი აქვს გაშვებული. • 1/4-ფინალისტთა შორის, "შალკეს” ფეხბურთელები ყველაზე მეტჯერ ღებულობენ ყვითელ ბარათს. გელზენკირხენელები მსაჯებმა 23-ჯერ გააფრთხილეს. • "ინტერს” გათამაშებას შემორჩენილ გუნდებს შორის ყველაზე მეტი, 19 გოლი აქვს გაშვებული. • საკუთარ კედლებში, "შალკეს” იტალიურ გუნდთან არასდროს წაუგია. • "შალკეს” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 საშინაო მატჩი აქვს მოგებული. • ევროტურნირების ისტორიაში, მხოლოდ ერთხელ მოხდა, როდესაც პირველი მატჩის საკუთარ კედლეშიბ 3 ბურთით წამგები გუნდი, საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე გავიდა. ჩემპიონთა ლიგაზე/ჩემპიონთა თასზე ასეთი რამ არასდროს მომხდარა. • ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში, "ინტერს” აქამდე 11-ჯერ უთამაშია. შემდეგ ეტაპზე, მილანელები 8-ჯერ გავიდნენ. • "შალკე” ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში მესამედ თამაშობს. 1/2-ფინალში, გელზენკირხენელები არასდროს გასულან.
სავარაუდო შემადგენლობები შალკე: ნოიერი, უჩიდა, მატიპი, ჰიოვედესი, სარპეი, ჰაო, პაპადოპულოსი, ხურადო, ბაუმიოჰანი, ედუ, რაული. ინტერი: სეზარი, მაიკონი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო, ძანეტი, სტანკოვიჩი, კამბიასო, სნეიდერი, ეტოო, მილიტო.
|