უახლოესი ერთი-ორი დღის განმავლობაში, ჟოზე მოურინიოს მიერ მიტოვებულ "ინტერს" რაფაელ ბენიტესი ჩაიბარებს. ორი დღის წინ ესპანელმა სპეციალისტმა "ლივერპულთან" ოფიციალურად გაწყვიტა ხელშეკრულება და ამით ფინანსური ხეირიც ნახა. ევროპული პრესა მაშინვე ალაპარაკდა, რომ ბენიტესი "მერსისაიდულ" კლუბს "ნერაძურიში" გადაბარგების პერსპექტივით დაშორდა. 
ახლა კი Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირენეელს "ინტერთან" მხოლოდ რამდენიმე საათი აშორებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ჩემპიონთა ლიგის ტირუმფატორის პრეზიდენტი მასიმო მორატი ბენიტესის კანდიდატურას სრულად იწონებს. ამჟამად 50 წლის პრეზიდენტი სამშობლოში ისვენებს, სადაც მორატი მას პირადად ჩააკითხავს და კონტრაქტის საბოლოო ნიუანსებს შეათანხმებს.
მოვლენების ასეთივე განვითარებას პროგნოზირებს კიდევ ერთი აპენინური გაზეთი Corriere dello Sport-ი. ამასთან, აღნიშნული გამოცემა "ლივერპულის" იმ ორი ფეხბურთელის გვარსაც ასახელებს, რომელთა გადმობირებას ბენიტესი ეცდება. ესენი არიან არა სტივენ ჯერარდი და ფერნანდო ტორესი, არამედ ხავიერ მასკერანო და დირკ კუიტი. სხვათა შორის, არგენტინელ ნახევარმცველს იმდენად მოსწონს ესპანელთან მუშაობა, რომ მისი "ინტერში" გადაბარგება სრულიად მოსალოდნელია. "ბენიტესი ტაქტიკურად ძალიან ძლიერი სპეციალისტია, ამიტომ მას იტალიურ ფეხბურთთან შეგუება არ გაუჭირდება. გავყვები თუ არა მეც მილანში? ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ გამაჩნია. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ რაფასთან ერთად რამდენიმე დაუვიწყარი სეზონი გავატარე და მისი სათამაშო სტილი ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია", - ამბობს მასკერანო.
შეგახსენებთ, რომ ბენიტესი "ლივერპულში" 2004 წლიდან მუშაობდა და "მერსისაიდულ" კლუბს ჩემპიონთა ლიგა (2005 წელი), უეფას სუპერთასი (2005) და ინგლისის ასოციაციის თასი (2006) მოაგებინა.
ავტორი: გიგა თედორაძე
|