ჰოლანდიური "ტვენტეს” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, მარტო არნაუტოვიჩი, რომელმაც გასული სეზონი არენდის წესით "ინტერში” გაატარა, ამიერიდან ბრემენის "ვერდერის” ღირსებას დაიცავს. 
AP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ავსტრიელმა გერმანულ კლუბთან ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. თუ რა თანხა გადაიხადა "ვერდერმა” არნაუტოვიჩის სანაცვლოდ, ეს ჯერჯერობით არ ხმაურდება.
მარკო არნაუტოვიჩმა ოთხწლიანი პროფესიონალური კარიერის მანძილზე ერთადერთი სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე. პირველ ორ სეზონში მან ჰოლანდიის ჩემპიონატში გოლის გატანა ვერ მოახერხა. 2008-09 წლებში, 28 მატჩში 12-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი და სწორედ ამ სეზონში ნაჩვენები თამაშის წყალობით მიიპყრო "ინტერის” ყურადღება, მაგრამ სერია A-ში მან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, სამივე შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა და თავი არაფრით გამოუჩენია.
|