ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2-ფინალურ შეხვედრაში არაერთი ისეთი რამ მოხდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც იქნა, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირზე, "ინტერმა” "ბარსელონას” გოლი გაუტანა. გარდა ამისა, პირველად მოხდა, რომ ამავე ტურნირზე, "სან სიროზე” გუნდებმა გოლი გაიტანეს. გუშინდელ შეხვედრაში, ჟოზე მოურინიომ პეპ გვარდიოლას რამდენიმე სერია შეწყვიტა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ აქამდე გვარდიოლას, "ბარსელონას” მწვრთნელობის დროს არასდროს წაეგო 2 ბურთით და არასდროს წაეგო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში, პირველად მოხდა, რომ "ბარსელონა” ანგარიშში დაწინაურდა და მაინც დამარცხდა. 
რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელი შეხვედრის მიმდინარეობას, ივარაუდებოდა, რომ მოვლენების ეპიცენტრში "ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი იქნებოდა და მართალია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მართლაც არგენტინელი გახდა, მაგრამ არა მესი. შეხვედრა კატალონიელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო, მაგრამ პირველი სახიფათო მომენტი მაინც მასპინძლებმა შექმნეს. მე-17 წუთზე, ეტო’ოს შორეული დარტყმული ვალდესმა უხეიროდ მოიგერია და მილიტოს ანგარიშის გახსნის ძალზე კარგი შანსი მიეცა, მაგრამ ახლო მანძილიდან მან კარს ააცილა. 2 წუთში გოლი მაინც გავიდა, მაგრამ "ინტერის” კარში. სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა "ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა მაქსველმა და საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი უკან დააბრუნა. მილანელ იბრაჰიმოვიჩზე ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ ამ დროს, საჯარიმოში პედრო შეიჭრა და ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდის შემდეგ, უპირატესობა ხელთ ნელ-ნელა მასპინძლებმა იგდეს. 30-ე წუთზე, გვარდიოლას შეგირდებმა დაცვაში ისეთი შეცდომა დაუშვეს, როგორიც არაერთხელ დაუშვიათ. ისინი მეტოქეს ბურთს კოლექტიურად ართმევენ ხოლმე და თუ ეს არ გამოუვიდათ, ჯერი ვალდესზეა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, ეტო’ომ ბურთი საჯარიმოში მყოფ მილიტოს უპასა, ამ უკანასკნელთან ერთბაშად 3 მცველი გაჩნდა, რის შედეგადაც უმეთვალყურეოდ დარჩა სნეიდერი, რომელმაც მილიტოს გადაცემა გოლად აქცია. 
მე-2 ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მილიტომ ანგარიშზე მეორე საგოლე გადაცემა ჩაიწერა. შეტევა პანდევმა წამოიწყო, რომელმაც მილიტოს მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ბურთით შესვლის საშუალება მისცა. იმ დროს, როდესაც ყველა გადაცემის ეტო’ოზე გაკეთებას ელოდა, მილიტომ მაიკონს უპასა და ამ უკანასკნელმა "ინტერი” წინ გაიყვანა. დაახლოებით 15 წუთში, "ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა უკვე თავადაც გაიტანა. კვლავ შეტევის მარჯვენა ფლანგი, ეტო’ოს ჩაწოდება და მართალია სნეიდერს თავური დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ ვალდესის კარის ძელთან აღმოჩნდა მილიტო, რომელმაც მასპინძლები 2 ბურთით გაიყვანა წინ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სნეიდერის დარტყმის შემდეგ, რომელიც საბოლოოდ გადაცემა გამოდგა, მილიტო თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუ მსაჯის ამ შეცდომას შეუძლია "ინტერის” დამაჯერებელი გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენოს, საპირისპიროს მეტყველებს მატჩის დარჩენილი წუთები. მართალია, პიკეს ორჯერ ჰქონდა გოლის გატანის ძალზე კარგი შანსი, მაგრამ იტალიის ჩემპიონმა, ესპანელი "კოლეგა” გუშინ, საერთო ჯამში, აშკარად დაჯაბნა.
1/2 ფინალი, პირველი მატჩი ინტერი - ბარსელონა 3-1 (1-1) ინტერი: სეზარი, მაიკონი (კივუ 73), ლუსიო, სამუელი, მოტა, ძანეტი, კამბიასო, სნეიდერი, პანდევი (სტანკოვიჩი 56), ეტოო, მილიტო (ბალოტელი 75). ბარსელონა: ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, მაქსველი, კეიტა, ხავი, ბუსკეტსი, მესი, იბრაჰიმოვიჩი (აბიდალი 62), პედრო გოლები: 0-1 პედრო (19), 1-1 სნეიდერი (30), 2-1 მაიკონი (48), 3-1 მილიტო (61). გაფრთხილება: ეტოო (12), ბუსკეტსი (45), პუიოლი (51), პიკე (60), კეიტა (68), სტანკოვიჩი (82), ალვეში (84) დაწყება: ინტერი I აუტი: ბარსელონა, I კუთხური: ბარსელონა, კ-ში დარტყმა: (5-7), კ-კენ დარტყმა: (3-1), ჯარიმა: (18-21), კუთხური: (2-4), ყვითელი: (2-5), თამაშგარე: (9-2), ბურთის ფლობა: (33%-67%). ავტორი: გიგა თედორაძე
|