მილანის "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ დღეს "ლუგანოსთან” მისი გუნდის სენსაციური მარცხის შემდეგ უესლი სნეიდერის როლზე ისაუბრა. 
შეგახსენებთ, რომ სნეიდერმა ეს შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა და მოედნის ცენტრში ის ანდრეა პოლიმ (სადებიუტო შეხვედრა "ნერიაძურიში”) შეცვალა. რანიერის იმედი აქვს, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი სერია ა–ს მომდევნო ტურისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს. "სნეიდერია "ინტერისთვის” იგივეა, რაც "რომასთვის” ფრანჩესკო ტოტი, როცა ის მოედანზეა, ყოველთვის რაღაც სასწაული ხდება”, – ამბობს 59 წლის სპეციალისტი "დელო სპორტთან” ინტერვიუში. მიუხედავად "ლუგანოსთან” დამარცხებისა, რანიერიმ ამ შეხვედრაში პოზიტივების დანახვაც შეძლო: "საკმაოდ კარგი ვარჯიში გამოვიდა, რომელშიც ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოვცადე და ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულებსაც მივეცი რეაბილიტაციის საშუალება. ჩემპიონატში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემს გუნდს მხოლოდ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და თუ სასურველ ფორმაში სწრაფად ჩავდგებით, სკუდეტოსთვის ბრძოლაც შეგვიძლია”.
|