შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გასამართი უკანასკნელი დაპირისპირება, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, დაძაბული და შესაძლოა სანახაობრივიც გამოდგეს. დღეს, გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, პირველად იხილონ "დაჭრილი” "ბარსელონა”. რა თქმა უნდა, გვარდიოლას ფორმაციის კლუბზე გვაქვს საუბარი. მას შემდეგ, რაც კლუბი კატალონიელმა სპეციალისტმა ჩაიბარა, არცერთი მატჩის წინ, "ბარსა” ამგვარ სიტუაციაში არ ყოფილა. 
"ბარსელონას” ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა დღევანდელი მატჩისთვის მზადება, ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩის დასრულებისთანავე დაიწყეს. მოთამაშეები მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ, რომლითაც გულშემატკივრებს მხარდაჭერას სთხოვდნენ, თავის მხრივ კი, "ინტერთან” მატჩში მაქსიმუმის გაღების პირობა დადეს. გასაკვირია, მაგრამ დღევანდელ მატჩს უდიდეს ყურადღებას უთმობს მადრიდული პრესაც. მაგრამ კიდევ უფრო გასაკვირი იყო, როდესაც პირველი მატჩის შემდეგ, დედაქალაქურმა ჟურნალ-გაზეთებმა, კატალონიურების მხარდამხარ გაილაშქრეს არბიტრის წინააღმდეგ და იგი "ბარსას” კარში გოლის უსამართლოდ ჩათვლაში ამხილეს. მოკლედ რომ ვთქვათ, არათუ კატალონია, არამედ სრულიად ესპანეთი (და ალბათ ევროპაც) დღევანდელ მატჩს მოუთმენლად ელის. შექმნილ ვითარებაში, არ შეიძლება პარალელი არ გავავლოთ 10 წლის წინანდელ შემთხვევასთან. 1999-2000 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "ბარსელონას” ლონდონში, "ჩელსისთან” პირველი მატჩი 1:3 ჰქონდა წაგებული. განმეორებით მატჩში, "კამპ ნოუს” ტრიბუნებზე გაკეთებული მოზაიკის სახით, გულშემატკივრებმა კლუბისგან 2:0 მოგება მოითხოვეს, "ბარსამ” კი გეგმა გადაჭარბებით შეასრულა და მართალია, დამატებითი ტაიმების დახმარებით, მაგრამ მაინც 5:1 იმარჯვა. იმ მატჩში, "ბარსელონას” ხოსეპ გვარდიოლა კაპიტნობდა, კატალონიელთა მწვრთნელის თანაშემწე კი, ჟოზე მოურინიო იყო. გავიდა 10 წელი და ამ ორ პიროვნებას კვლავ უწევს "კამპ ნოუზე”, მსგავს სიტუაციაში გამოსვლა, მაგრამ განსხვავებული სტატუსით და რაც მთავარია – სხვადასხვა პოზიციებზე მყოფებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კამპ ნოუზე” შეკრებილი გულშემატკვარი, ტრიბუნებზე მოზაიკას ამჯერადაც გააკეთებს. ისინი არა რომელიმე კონკრეტულ ანგარიშს, არამედ 10 წლის წინ ნაჩვენები შედეგის გამეორებას, ანუ შემდეგ ეტაპზე გასვლას მოითხოვენ. უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე, "ბარსელონას” ფლეი-ოფის პირველი მატჩი გასვლაზე 22-ჯერ აქვს წაგებული. აქედან 11-ჯერ კატალონიელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს. ამ 22-დან "ბარსა” 4-ჯერ დამარცხდა ანგარიშით 1:3, ხოლო შემდეგ ეტაპზე ორჯერ გავიდა. უკანასკნელად ეს სწორედ "ჩელსისთან” მოხდა, მანამდე კი, "ბარსასთან” მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა კიევის "დინამომ”, როდესაც "კამპ ნოუზე” 1:4 დამარცხდა. როდესაც "ინტერი” ევროტურნირის ფლეი-ოფის პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე მოიგებს, შემდეგ მილანელთა ასპარეზობიდან გამოთიშვა ფაქტობრივად შეუძლებელია. 43 შემთხვევიდან ეს მხოლოდ 4-ჯერ მოხდა. უკანასკნელი ორი შემთხვევა, როდესაც "სან სიროზე” მოგებით, "ინტერმა” ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებას დაუდო სათავე, მიმდინარე გათამაშების 1/8-ფინალსა და 1/4-ფინალში იყო. მილანელებმა ჯერ "ჩელსი” გამოთიშეს ასპარეზობას, შემდეგ მოსკოვის ცსკა. ფლეი-ოფის პირველი მატჩი, საკუთარ მოედანზე "ინტერს” 5-ჯერ აქვს მოგებული. იტალიელებმა ასპარეზობა 4-ჯერ განაგრძეს. იმ ერთადერთ შემთხვევაში, მათი მძლეველი გახდა "ბარსელონას” მოძულე გუნდი, მადრიდის "რეალი”, რომელმაც "ინტერი” განმეორებით მატჩში 5:1 დაამარცხა, დამატებითი ტაიმების დახამრებით. "ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში აქამდე 10-ჯერ უთამაშია. ფინალამდე კატალონიელებმა 5-ჯერ მიაღწიეს. იტალიურ კლუბს "ბარსა” ლიგის ამ ეტაპზე ერთხელ შეხვდა. მეტიც, 2006 წელს, კატალონიელები მილანურ გუნდს დაუპირისპირდნენ და გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით, საერთო ჯამში 1:0 იმარჯვეს. "მილანთან” გამართული მატჩი არის ერთ-ერთი იმ 4 უკანასკნელი ნახევარფინალის საშინაო შეხვედრიდან, რომელშიც "ბარსამ” გოლი ვერ გაიტანა. აქედან ბოლო 3-ში კატალონიელებს არც თავად გაუშვიათ, მაგრამ მორიგი უგოლო ფრე კატალონიელებს დღეს ხელს არ აძლევთ. "ინტერს” ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის 1/2-ფინალში აქამდე 7-ჯერ უთამაშია და მილანელებმა 4-ჯერ გააღწიეს ფინალში. ესპანურ კლუბს ამ ეტაპზე "ინტერი” 2-ჯერ შეხვდა, ორივეჯერ "რეალს” და ორივეჯერ ფინალს მიღმა დარჩა. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელი თამაშის მონაწილე გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას. ერთი კვირის წინ გამართული მატჩის ჩათვლით, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე, "ბარსა” და "ინტერი” ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ. 2 მატჩი კატალონიელებმა მოიგეს, 1 მილანელებმა, 2 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 6:3 "ბარსას” სასარგებლოდ. პირველად ეს მოხდა 2003 წელს, წელს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე. ბარსელონაში გამართული პირველი თამაში მასპინძლებმა სავიოლას, კოკუს და კლუივერტის გოლებით 3:0 მოიგეს, მილანში გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს. იმ შეხვედრებში ითამაშეს მილანელთაგან ხავიერ ძანეტიმ, ხოლო კატალონიელთაგან კარლეს პუიოლმა და ხავი ერნანდესმა. ანდრეს ინიესტა იტალიაში გამართულ მატჩში სათადარიგო იყო. მიმდინარე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, მილანში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ბარსელონაში, პიკესა და პედროს ზუსტი დარტყმებით, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. გუნდები ერთმანეთს მანამდეც შეხვედრიან. 1958 წელს, ბაზრობათა თასის მეოთხედფინალში "ბარსამ” "ინტერს” შინ 4:0, გასვლაზე კი 4:2. მილანელებმა შური 1970 წელს, იმავე ტურნირის მე-3 ეტაპზე იძიეს, როდესაც ბარსელონაში 2:1 მოიგეს, მილანში კი 1:1 ითამაშეს. "ბარსა” და "ინტერი” ერთმანეთს კიდევ ორჯერ შეხვედრიან. ხუან გამპერის სახელობის ტურნირის ფინალში კატალონიელებმა მილანელები 1996 წელს 2:1 დაამარცხეს. იმავე ტურნირის ფინალში, 2007 წელს, "ბარსამ” უკვე 5:0 იმარჯვა. იმ მატჩში, მილანელთა კარში გოლები რონალდინიომ, ჯოვანი დოს სანტოსმა, ტურემ, ინიესტამ და ამჟამად "ინტერში” მოთამაშე მოტამ გაიტანეს. იმ მატჩში მილანელთა კარს ასევე უტევდა სამუელ ეტო’ო. "ბარსა” იტალიურ კლუბებს სულ 34-ჯერ შეხვედრია, საიდანაც დღევანდელმა მასპინძლებმა 16-ჯერ მოიგეს, 10-ჯერ ფრედ ითამაშეს და 8-ჯერ წააგეს. ბურთების შეფარდება 54:34. საკუთარ კედლებში "ბარსამ” 14 მატჩიდან 9 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 2 დათმო. "ინტერს” ესპანურ კლუბებთან გამართულ 36 თამაშში 13 მოგება, ამდენივე ფრე და 10 მარცხი დაუგროვდა. ბურთების შეფარდება 42:43. გასვლით თამაშებში მილანელებმა 17 მცდელობიდან მხოლოდ 3-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და 12-ჯერ წააგეს. იტალიურ კლუბებთან გამართულ 8 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან "ბარსამ” 5 მოიგო. ამ მხრივ ძალზე ცუდი შედეგი აქვს "ინტერს”. ესპანურ კლუბებს, ფლეი-ოფში მილანური კლუბი 13-ჯერ გაეჯიბრა და შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 4-ჯერ გავიდა. "ბარსელონას” გულშემატკივრებს ის ფაქტი აიმედებს, რომ გვარდიოლას გუნდმა, ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ კედლებში 5-დან 4 მატჩი მოიგო და თუ დღეს კატალონიელებმა რომელიმე მათგანის შედეგი გაიმეორეს, მაშინ ფინალში ითამაშებენ. ჯგუფურ ეტაპზე "ბარსამ” კიევის "დინამო” და "ინტერი” ერთნაირი ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. 1/8-ფინალში კატალონიელებმა "შტუტგარტი” 4:0 გაანადგურეს, 1/4-ფინალში კი "არსენალი”, ანგარიშით 4:1. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში, "ბარსას” "კამპ ნოუზე” სულ 25 მატჩი აქვს გამართული და აქედან 16-ის ანგარიში დღეს ხელს აძლევს. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ "ინტერის” წარმატებული თამაში გასვლით შეხვედრებში. ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 5 მატჩიდან მოურინიოს გუნდმა 3 მოიგო. ამ 5 შეხვედრიდან "ინტერი” ერთადერთის შედეგის განმეორების შემთხვევაში დარჩება ფინალს მიღმა. ეს შეხვედრა მილანელებმა სწორედ "ბარსასთან” გამართეს. თუ სხვა ტურნირებსაც გავითვალისწინებთ, "ინტერს” მხოლოდ "კატანიასთან” გამართული მატჩის შედეგი არ აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში, დამატებითი ტაიმები დაინიშნება. დღევანდელ შეხვედრაში, "ბარსელონას” წინააღმდეგ სავარაუდოდ ითამაშებენ სამუელ ეტო’ო და ტიაგო მოტა, რომლებიც "კამპ ნოუს” ძალზე კარგად იცნობენ. "ბარსელონაში” კამერუნელი 5, ბრაზილიელი კი 6 წლის განმავლობაში თამაშობდა. "ინტერში” ირიცხება "ბარსას” კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, რიკარდო კუარეშმა, მაგრამ მას დღეს მოედანზე სავარაუდოდ ვერ ვიხილავთ. თავის ყოფილ კლუბს დაუხვდებიან მაქსველი და იბრაჰიმოვიჩი. ორივე მათგანმა, მილანიდან ბარსელონაში მიმდინარე სეზონის დასაწყისში მიაშურა. გარდა ფეხბურთელებისა, თავის ყოფილ კლუბთან მოუწევს დაპირისპირება "ინტერის” მთავარ მწვრთნელსაც. ჟოზე მოურინიო 1996-2000 წლებში, ჯერ ბობი რობსონის, შემდეგ კი ლუის ვან გაალის თანაშემწე იყო, როდესაც ეს სპეციალისტები "ბარსელონას” წვრთნიდნენ. "ჩელსიში” მუშაობის დროს მოურინიო "ბარსელონას” ორჯერ დაუპირისპირდა. 2004-05 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, მისმა გუნდმა კატალონიელები ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხეს. მაგრამ მომდევნო სეზონში, იმავე ეტაპზე "ბარსამ” მოურინიოს "ჩელსის”, ორი მატჩის ჯამში, 3:2 სძლია. კიდევ ერთი წლის შემდეგ, ამჯერად უკვე ჯგუფურ ეტაპზე, ლონდონში "ჩელსიმ” 1:0 იმარჯვა, ბარსელონაში კი მატჩი 2:2 დასრულდა. თუ პირველ შეხვედრაში, გაბრიელ მილიტოს, თავისი ძმის წინააღმდეგ თამაშის საშუალება არ მიეცა, სავარაუდოდ დღევანდელ მატჩში, ძმების დაპირისპირებას ვიხილავთ. ასეთი რამ, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე აქამე მხოლოდ სამჯერ მომხდარა. ამჟამად ორივე გუნდის რიგებში ირცხება არაერთი ფეხბურთელი, რომელსაც დღევანდელი მეტოქის კარში, სხვა გუნდის მაისურით აქვს გოლი გატანილი. სამუელ ეტო’ოს, "მალიორკას” მაისურით "ბარსას” კარში 4 გოლი აქვს გატანილი. ამდენივეჯერ აიღო კატალონიელთა კარი დიეგო მილიტომ, როდესაც იგი "სარაგოსაში” თამაშობდა. "ინტერის” კარი, "იუვენტუსში” თამაშის დროს ორჯერ აიღო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. "არსენალის” ფეხბურთელობისას, ტიერი ანრიმ მილანელები ერთ თამაშში დაამწუხრა ორჯერ. მილანური გუნდის კარში გოლი გატანილი აქვს ხოსეპ გვარდიოლასაც. "ბრეშაში” ასპარეზობის დროს, კატალონიელმა "ინტერს”, მისსავე მოედანზე, თერთმეტმეტრიანი გაუტანა. დღეს ერთმანეთს შეხვდებიან, ლიგას შემორჩენილ გუნდთაგან ყველაზე ნაკლები და მეტი გოლის გამტანი გუნდები. "ინტერს” 11 თამაშში 15 გოლი აქვს გატანილი, "ბარსას” კი – 19. ამ 19 გოლიდან 8 ლეო მესის ანგარიშზეა. არგენტინელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია და ამ წოდებას სავარაუდოდ ტურნირის დასრულებამდე შეინარჩუნებს. გარდა გატანილი გოლებისა, არგენტინელი გამოირჩევა მეტოქის კარში ზუსტი დარტყმებითაც. მის ანგარიშზე 27 ზუსტი დარტყმაა და ეს შედეგი საუკეთესოა. მე-2 ადგილზე, 20 ზუსტი დარტყმით ზლატან იბრაჰიმოვიჩია. გარდა ხშირად გატანისა, "ბარსას” ფეხბურთელები კორექტული თამაშითაც გამოირჩევიან. მათ ყვითელი ბარათი 13-ჯერ მიიღეს, რაც ლიგას შემორჩენილ გუნდთაგან საუკეთესო მაჩვენებელია. სამაგიეროდ, ფეხბურთელებს შორის, ყველაზე ხშირად არღვევს თამაშის წესებს დანიელ ალვეში. მან მეტოქე აკრძალული ხერხით 27-ჯერ შეაჩერა. "ბარსელონას” მიერ გატანილი გოლებიდან 10 პირველ ტაიმებზე მოდის, ხოლო 9 – მეორეზე. ყველაზე მეტად კატალონიელები 16-30 და 46-60 წუთებს შორის აქტიურობენ. დროის ამ მონაკვეთებში მათ 5-5 გოლი გაიტანეს. რაც შეეხება "ინტერს”, იგი უფრო მე-2 ტაიმებში აქტიურობს. 15 გოლიდან მილანელებს 9 სწორედ შესვენების შემდეგ აქვთ გატანილი. განსაკუთრებით აქტიურო პერიოდი მოურინიოს შეგირდებს არ აქვთ. მატჩს ძალზე დიდი დანაკლისით ხვდება "ბარსელონა”. მასპინძლებს კაპიტნის, პუიოლის გარეშე მოუწევთ თამაში, რომელიც დისკვალიფიცირებულია. სწორედ მის ნაცვლად ივარაუდება ძირითადში გაბრიელ მილიტოს თამაში. გარდა ამისა, გვარდიოლა ვერ დაიხმარს ტრავმირებულ ინიესტას. ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტური ტრავმის გამო გამოტოვა აბიდალმა, მაგრამ დღეს იგი სავარაუდოდ მაინც ძირითადში იქნება. დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ჰყავს "ინტერსაც”. მოურინიოს სტანკოვიჩი ვერ დაეხმარება. სერია A-ს გასული ტურის მატჩში ტრავმა მიიღო სნეიდერმა, მაგრამ ჰოლანდიელს დღეს სავარაუდოდ მაინც ძირითადში ვიხილავთ.
შეხვედრას ბელგიელი არბიტრი, ფრანკ დე ბლეკერე განსჯის. "ბარსელონას” მატჩში მას აქამდე 4-ჯერ უმსაჯია. 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიელებმა შინ "ნიუკასლი” 3:1 დაამარცხეს. 2004 წელს, უეფას თასის მე-3 ეტაპზე, "ბარსამ” "ბრონდბიუს” გასვლაზე 1:0 მოუგო. 2005 წელს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსა” საბერძნეთში "პანათინაიკოსს” უგოლოდ დაუზავდა. მომდევნო გათამაშებაში, კვლავ ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიური კლუბი ლონდონში, "ჩელსისთან” 0:1 დამარცხდა. ასევე 4-ჯერ იმსაჯა "ინტერის” მატჩში ბლეკერემ და ოთხივეჯერ ჩემპიონთა ლიგაზე. 2002 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, მილანელებმა შინ "როსენბორგი 3:0 გაანადგურეს. მომდევნო სეზონში, იმავე ეტაპზე, "ინტერი” კვლავ მილანში მოსკოვის "ლოკომოტივს” დაუზავდა ანგარიშით 1:1. 2006 წელს, კვლავ ჯგუფურ ეტაპზე და კვლავ იტალიაში, მილანელებმა "სპორტინგი” 1:0 დაამარცხეს. 2008 წელს, 1/8-ფინალში, "ინტერმა” "ლივერპულთან” 0:2 წააგო.
ავტორი: გიგა თედორაძე
|